ფემინისტური გაერთიანებები არის ქალთა
ის ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას და თანასწორობას. მათ ჯერ
კიდევ მე-18 საუკუნეში საფრანგეთში რევოლუციის პროცესების მიმდინარეობისას ჩაეყარათ
საფუძველი. აქ წარმოშობილი სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოლიმპია
დე გუჟმა
უამრავი ქალი შთააგონა, რომ გაერთიანებულიყვნენ სამართლიანობისა და თანასწორობის დროშის
ქვეშ და საკუთარი მონაწილეობით შეეცვალათ არსებული რეალობა. სუფრაჟისტული იდეები მე-19
საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე აქტიურად გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
აქ თავდაპირველად მხოლოდ იმას ისახავდნენ მიზნად, რომ ქალებსაც მისცემოდათ არჩევნებში
ხმის მიცემის საშუალება. 1913 წლის 3 მარტს ვაშინგტონში ამერიკელი ქალების მიერ ორგანიზებული
მსვლელობა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად ითვლება. საპროტესტო მსვლელობაში 8 ათასამდე
ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ამერიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასა და ქალებისთვის
საარჩევნო უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობა დაშალეს
და მის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, საბოლოოდ, ამერიკელმა ქალებმა მიზანს
მიაღწიეს: 1920 წელს აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 შესწორებამ ქალთა საარჩევნო უფლება
დააკანონა.
დღესდღეობით თითქმის ყველა სახელმწიფო
ოფიციალურად აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. 25 ნოემბერი გაეროს მიერ
,,ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის დღედ’’ არის გამოცხადებული. არსებობს
არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქალთა
უფლებების დასაცავად. თუმცა 21-ე საუკუნეშიც კი ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთ დიდ
პრობლემად რჩება.
ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული
თანასწორობის მიღწევა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაშიც. საქართველოში
ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ის ფორმა არსებობს, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში. გავრცელებულია
ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ
საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი ქალს უშლის განათლების მიღებას, არ აძლევს მუშაობის
საშუალებას. ქალები თავიანთ თავს კაცებთან შედარებით ხშირ შემთხვევაში მიიჩნევენ მეორეხარისხოვან
არსებებად. ჩვენ ირგვლივ ფართოდ გავრცელებული და მიღებულია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა
,მაგალითად, ,,კაცის ტვინი სულ სხვაა’’, ,,კაცია ოჯახის უფროსი’’ და ბევრი სხვა. მიღებულია,
რომ ,,კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი ,თუ არ ეთანხმება მას’’.
ოჯახის მიერ ქალის მკვლელობა ამ პრობლემის ყველაზე
ტრაგიკული გამოხატულებაა. თუმცა მანამდე არის ეკონომიკური საკითხი, სოციალური საკითხი,
განათლების საკითხი, აღზრდის საკითხი, ასევე საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებები.
ჩვენ პატრიარქატული შეხედულებებით სავსე გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ქალი და კაცი გადიან
სხვადასხვა გზებს საზოგადოებაში და ეს ქმნის კაცების უპირატეს დამოკიდებულებას. საქართველოში,
2019 წლის სტატისტიკით ,19 ქალი მოკლეს, აქედან 10 იყო ოჯახური კონფლიქტისა და ძალადობის
მსხვერპლი. 4000-ზე მეტ კაცს წაუყენეს ბრალი ოჯახური ძალადობის გამო და გაიცა 10
000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს საერთაშორისო
სტანდარტებით აქვს საკმაოდ მკაცრი კანონდებლობა, რომლის თანახმადაც, ქალებზე ძალადობა
მკაცრად ისჯება. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ქალთა უფლებების დასაცავად გატარებულ
პრაქტიკულ ღონისძიებებს ,ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა. ეროვნული მასშტაბით შექმნილია ცხელი ხაზი. შსს პოლიციელებისთვის
ატარებს ტრენინგებს ოჯახში ძალადობაზე. ასევე შექმნილია ორი სახელმწიფო თავშესაფარი
და კრიზისული ცენტრები. აქ ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ მიიღონ სოციალური, ფსიქოლოგიური
და იურიდიული დახმარება. ამ გზით, სახელმწიფო ცდილობს ,მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების
გასაგრძელებლად საჭირო პირობები შექმნას. აღსანიშნავია,
რომ დაგეგმილია კიდევ უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია.
მიუხედავად გატარებული
ღონისძიებებისა ,ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოს ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯის
გადადგმა სჭირდება. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ აღიარებს
,,ფემიციდს’’ ანუ გენდერული ნიშნით ჩადენილ მკვლელობას, რომლის დროსაც კაცი ქალს კლავს.
ასევე დიდია ძალადობისათვის შედგენილი იმ ორდერების რაოდენობა, რომლებიც რეალურად მსვერპლს
ვერ იცავს. ქალთა უფლებების დამცველის ბაია პატარაიას აზრით, ,, ჩვენ გვჭირდება ქალთა
გაძლიერება, რომელსაც სჭირდება ძალიან სიღრმისეული რეფორმა დაწყებული განათლების სისტემიდან,
სადაც სკოლიდან უნდა ისწავლებოდეს ქალთა უფლებები. ქალთა გაძლიერება უნდა ხდებოდეს
ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული სამოქმედო
გეგმა.’’
No comments:
Post a Comment